სესხის ამომღები

მომხმარებლემთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი. ბრძანება ამოქმედდება 2022 წლის 1 მარტიდან. ეთიკის კოდექსის მოხედვით ბანკს, მიკროსაფინანსოს, და სხვა სესხის გამცემ სუბიექტებს აქვთ ვალდებულება მათი კლიენტთან კომუნიკაცია ემყარებოდეს სანდოობის, გამჭვირვალობის, პატივისცემის, სიზუსტის და უტყუარობის, ზნეობის ნორმებისა დაცვისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.

ფინანსური ორგანიზაციის კომუნიკაცია მომხმარებელთან ურთიერთობისას უნდა იყოს საქმიანი და ზრდილობიანი. სესხის ამომღებმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაცია. არ უნდა მიაწოდოს იმ ფორმით, რომ მომხმარებელს არასწორი მოლოდინები შეექმნას და უბიძგოს გააკეთოს ის, რასაც არ გააკეთებდა სრულად გათვითცნობიერებული რომ ყოფილიყო. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: კოდექსის მიხედვით, თუ მომხმარებელთან დაკავშირება ხდება ხანდაზმული სესხის შესახებ, ადრესატს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ სესხი ხანდაზმულია და უნდა განემარტოს რას ნიშნავს ხანდაზმულობა. აქვე გაითვალისწინეთ რომ ეს დათქმა ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც სესხი სასამართლოს მიერ ხანდაზმულად არის აღიარებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ეს არის ერთადერთი ლუფტი, რაც ვფიქრობ გამოსასწორებელია. სრული ინფორმაციის მიწოდებაში უნდა მოიაზრებოდეს ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ფაქტობრივად ხანდაზმულ სესხებზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

ამომღებმა არ უნდა დაუშვას რომ მომხმარებლის რეპუტაცია შეილახოს სესხის ამოღების პროცესში. ძალიან სასიხარულოა რომ სესხის ფინ-ორგანიზაციას დაევალა მომხმარებელთან გამართული საუბრის ჩაწერა და მისი შენახვა 2 თვის ვადით (ეს არ ეხება facetoface შეხვედრას). თუ ეჭვობთ, რომ ეთიკის კოდექსს არღვევს ამომღები, მაშინ შეგიძლიათ 2 თვის ვადაში დააფიქსიროთ პრეტენზია სებში. მტკიცების ტვირთი ეკისრება ამომღებ დაწესებულებას. აქამდე ზოგიერთი მონდომებული ფინანსური დაწესებულების წარმომადგენელი, იმისთვის რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნა მოვალისათვის, ზედმეტად ადრე ან ძალიან გვიან ურეკავდა მოვალეს. კოდექსით კი განისაზღვრა რომ კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. თუ თქვენ გყავთ ადვოკატი/ სხვა წარმომადგენელი, შეგიძლიათ ამომღებს მოსთხოვოთ რომ თქვენს ნაცვლად დაუკავშირდეს თქვენს წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება საფინანსო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენს წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდება/ ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს თქვენს წარმომადგენლობაზე.

მოწესრიგებამდე, მრავლად იყო შემთხვევები, როცა საფინანსო ორგანიზაციები უკავშირდებოდნენ ყველას, ვისთანაც შეიძლება მსესხებელს შეხება ჰქონოდა, ზოგჯერ მათ ემუქრებოდნენ კიდეც, ხშირი იყო კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შემთხვევები. ახალი მოწესრიგების მიხედვით,ფინ- ორგანოს შეუძლია დაუკავშირდეს მხოლოდ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ან დაკავშირებულ პირს. ამ დროს თანამშრომელმა კომუნიკაციისას უნდა ახსენოს საკუთარი სახელი(რაც მოიცავს სახელსა და გვარს), ორგანიზაცია რომელსაც წარმოადგენს და ის, რომ მას უკავშირდება მხოლოდ მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძიებლად. არ უნდა ახსენოს კრედიტის მოცულობა და ა.შ. ამ პირს შეუძლია უარი უთხრას ინფორმაციის მიწოდებაზე და განუმარტოს, რომ შემდგომში აღარ სურს ამ საკითხზე კომუნიკაცია. ამის შემდეგ ფინანსურ დაწესებულებას ერთმევა უფლება კიდევ დაუკავშირდეს უარის განმცხადებელს. ამომღებს ეკრძალება კლიენტის/ მისი ოჯახის ბინაში უკანონო ვიზიტი საკუთრების აღწერის მიზნით. ხშირი იყო შემთხვევები, როცა აებ-ს თანამშრომლებად ასაღებდნენ თავებს ამომღებები, კოდექსმა ეს მხარეც მოაწესრიგა. ასევე არ შეუძლიათ მიუთითონ, რომ სესხის გადაუხდელობისას შეიძლება დაგიჭირონ და ა.შ.