ბიზნეს რჩევები ადვოკატისგან

9 იურიდიული რჩევა მცირე ბიზნესს

ამ სტატიაში ადვოკატი დავით მეტრეველი გთავაზობთ იურიდიულ რჩევებს საკითხებზე, რომელსაც ბიზნესის შესანარჩუნებლად ყველა კომპანიამ ღირსეულად უნდა გაართვას თავი.

ყოფით ურთიერთობებში კანონი ინტუიტიურია, კანონისმიერი მოწესრიგება და ეთიკის/ მორალური ნორმები ერთმანეთთან თანხვედრაშია და შესაბამისად- განჭვრეტადი, ამიტომ შესაძლოა იურიდიული დახმარება ან კონსულტაცია წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დაგვჭირდეს.

საპირისპიროდ, ბიზნეს ურთიერთობები სპეციფიკით გამოირჩევა, აქ ვერ დაგვეხმარება ეთიკური სტანდარტების საუკეთესოდ ცოდნაც კი, კანონისმიერი დათქმა არ არის განჭვრეტადი. საჭიროა კანონის ზედმიწევნითი ცოდნა.

ფუძემდებლური აქტები, რაც გარდაუვალი უეჭველობით დაგვჭირდება ბიზნესის მართვისას, ესენია: მეწარმეთა შესახებ კანონი, შრომის კოდექსი, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი, სამოქალაქო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, საგადასახადო კოდექსი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, ასევე ადგილ-ადგილ სისხლის სამართლის კოდექსი. რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრაქტიკის ცოდნაც.

დამატებით, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს ნორმატიული აქტების უამრავი ვარიაცია, რომელიც შესაძლოა დაგვჭირდეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას.

თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს არ მოგეთხოვებათ იყოთ იურისტი ან ადვოკატი , მაგრამ გაქვთ ვალდებულება შექმნათ შესაბამისი წინამძღვრები, რომლის საშუალებითაც თქვენს თითოეულ ნაბიჯს იურიდიულად გადააზღვევთ და გექნებათ სტაბილურობის განცდა.

შპს, როგორც ბენეფიციარებისთვის ყველაზე უსაფრთხო საქმიანობის სამართლებრივი ფორმიდანაც კი შეიძლება პასუხისმგებლობის შემოწერილობის პრინციპი უკუგდებულ იქნეს და შპს-ს ქონებასთან ერთად საფრთხის ქვეშ დააყენოთ თქვენი პირადი ქონება, ასევე შესაძლოა დადგეთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე – ფიდუციური მოვალეობების დარღვევა, გამჭოლი პასუხისმგებლობის შემთხვევები დღეს არც თუ იშვიათია.

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაგათვითცნობიერებთ რა რისკების წინაშე დგახართ და რა არის პრევენციის საშუალებები. 9 იურიდიული რჩევა მცირე ბიზნესს:

სასამართლომდე მისვლა უკვე მნიშვნელოვანი ზიანია

დაიმახსოვრეთ, ყველა კარგი ადვოკატის, თუ იურისტის უპირველესი მიზანია არ მიიყვანოს საქმე სასამართლომდე. იმ შემთხვევაში თუ კონტრაჰენტი, მეორე მხარე განსაკუთრებულად შეფარული არაკეთილსინდისიერებით გამოირჩევა, იურისტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მის მარწმუნებელს არ მოუწიოს სასამართლოში წასვლა თავის დარღვეული უფლების აღსადგენად.

ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირისა ესაა სასამართლო სისტემის ხარვეზები.

შესაძლებელია დავა სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტოს მაშინ, როდესაც მხარე დავის გადაწყვეტის ინტერესს დაკარგავს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ მომენტისათვის მოპასუხეს უკვე გასუფთავებული აქვს თავისი ბალანსი. ასეთი დათქმით, სასამართლოს მიერ თქვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ვერ აღსრულდება.

შპს შეზღუდულ პასუხისმგებლობას, არცთუ იშვიათად,  ბოროტად იყენებენ ბენეფიციარები – სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისთანავე ისუფთავებენ ბალანსს, რის შედეგადაც მისგან იძულებითი აღსრულება შეუძლებელი ხდება.

პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომპანიის გამოუცდელი იურისტები აიღებენ ტიპურ ხელშეკრულებებს, გაბერავენ პირგასამტეხლოებით, რაც ბიზნესის ბენეფიციარს თვალს უხარებს, ან ხელშეკრულებაში შეაქვთ კანონსაწინააღმდეგო დათქმები. უნდა იცოდეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს პირგასამტეხლოს, არანაირ არაკომპეტენტურ დათქმას, არამედ წინაპირობები და დათქმები იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ არ დაგვჭირდეს სასამართლოში წასვლა.

ასეთი შედეგის მიღწევა არ არის მარტივი. საჭიროა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, თითოეული საკითხის გავლა, ანალიტიკის უნარი და კანონმდებლობისა და პრაქტიკის საუკეთესო ცოდნა.

სასამართლო არის უკანასკნელი ვარიანტი, მოლაპარაკების, მედიაციის და არბიტრაჟის შემდეგ.

გამოვრიცხოთ ზეპირი შეთანხმება

არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, სადაც კანონი ადგენს ხელშეკრულების სავალდებულო ფორმას, მაგალითად უძრავი ქონების ნასყიდობისას გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებათა უმეტესობისთვის არაა დადგენილი სავალდებულო ფორმები, მაგრამ მტკიცების სტანდარტი განისაზღვრება განსხვავებულად. მაგალითად, სესხის ზეპირ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ არ შეიძლება სესხის დადების ფაქტი დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ხშირ შემთხვევაში ფარული ჩანაწერებით ცდილობს ხოლმე გამსესხებელი(მევალე) დაასაბუთოს მოვალეზე თანხის გადაცემის ფაქტი. უნდა იცოდეთ, რომ თუ ჯეროვანი წინაპირობები არ გაქვთ შექმნილი, პირადი კომუნიკაციის ჩანაწერები შესაძლოა სასამართლომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად ჩაგითვალოთ. ამ შემთხვევაში მოპასუხეზე თანხის დაკისრების ნაცვლად შესაძლოა თქვენი სამართლებრივი მდგომარეობა დაიმძიმოთ.

შრომითსამართლებრივი პერსპექტივიდან მაგალითი: შრომის კოდექსი განსაზღვრავს, რომ შრომითი ხელშეკრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თუ თქვენ როგორც დამსაქმებელი პირის დასაქმებიდან 1 თვეზე მეტი ვადით დააყოვნებთ ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას, თქვენი თანამშრომელი ჩაითვლება უვადოდ დასაქმებულად. ამ შემთხვევაში, თქვენ ან მოგიწვეთ მისი დატოვება, ან საკმაოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა. მოსამართლე კომპენსაციის განსაზღვრისას სულაც არ ითვალისწინებს თქვენი კომპანიის წლიურ ბრუნვას და შემოსავლებს.

ფრთხილად უნდა იყოთ სტაჟიორის აყვანის დროს, ასევე გამოსაცდელი ვადით პირის დასაქმებისას.

მაგალითი პრაქტიკის მნიშვნელობაზე: თუ ვალის აღიარების დოკუმენტის რეკვიზიტების მიმართ სასამართლოს მიდგომა არ იცის აქტის შემდგენელმა, იგი ვერ შეადგენს მბოჭავი ხასიათის აქტს.

თითოეული ხარვეზიანი, გადაუმოწმებელი ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ გადიხართ ვალაუვალობის ზღვარზე;

დაიცავით თქვენი ინტელექტუალური საკუთრება

გამოკვლევები აჩვენებს, ჩემი საყვარელი მარველისა და DC-ის ფილმები არ იარსებებდა ნოვაციების დაპატენტების შესაძლებლობა რომ არ ყოფილიყო.

ინტელექტუალური საკუთრების დაპატენტების შესაძლებლობა ერთის მხრივ, ნოვატორს სტიმულს აძლევს სიახლისაკენ; სხვა მხრივ, ეს არის კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა;

შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტი შეძლებს თქვენს დახმარებას საპროცედურო საკითხებში.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია.

უდიდესი რესურსების მქონე კომპანიებიც კი ვერ ახერხებენ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვას. ჩვენთვის ცნობილმა მრავალმა კომპანიამ თავისი რეპუტაციითა და სოლიდური ფინანსებით ზღო ამისთვის.

მომხმარებლის მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია, მეილი, ტელ. ნომერი, საცხოვრებელი/სამუშაო მისამართი და ა.შ. არ შეიძლება გადასცეთ მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების დამუშავების ან სხვა მიზეზით გიწევთ მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამის შესახებ წინასწარ წერილობით შეუთანხმდით მომხმარებელს, მაგალითად მომსახურების ხელშეკრულებაში შესაბამისი დათქმის გაწერით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კონფიდენციალობის პოლიტიკაზე დათქმა უნდა იყოს გაწერილი თქვენს თანამშრომლებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში, შესაძლოა NDA-ში.

არასოდეს გააფორმოთ ტიპური ხელშეკრულებები

მოერიდეთ ტიპური, ინტერნეტში განთავსებული დრაფტების გამოყენებას. დაიმახსოვრეთ, არავინ აკეთებს უფასოდ იმას, რისი კეთებაც კარგად გამოსდის.

კარგად შედგენილი ხელშეკრულება სასამართლომდე არასოდეს არ მიდის. მართალია ეთიკური შინაარსის შენიშვნაა, მაგრამ უნდა აღვნიშნო: არაკომპეტენტური პირის(თუნდაც იურისტის) მიერ შედგენილი ხელშეკრულების გაფორმებას, ზოგჯერ სჯობს ტიპური შაბლონის გამოყენება;

ყოველთვის წაიკითხეთ რას აწერთ ხელს

შეიძლება საკითხი უმნიშვნელოდ მიგაჩნდეთ, მაგრამ ძაღლის თავი ყოველთვის უმნიშვნელო დოკუმენტაციასა და მიღება- ჩაბარების აქტებშია დამარხული.

ის ფაქტი, რომ თქვენ ხელშეკრულებას კითხულობთ, არ არის სათაკილო, ეს არ გულისხმობს იმას რომ კონტრაჰენტის მიმართ ნდობა არ გაქვთ. პირიქით, ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ თქვენ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებით. ამიტომ, არასოდეს მოგერიდოთ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის თქმა რომ ხელშეკრულება უნდა შეათანხმოთ იურიდიულ დეპარტამენტთან.

მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ საქმიანობის სამართლებრივი ფორმა

შპს დღეის მდგომარეობით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ყველაზე პოპულარული სამართლებრივი ფორმაა. შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის ბუნების მქონე სუბიექტია, იგი პასუხს აგებს თავისი ქონების ფარგლებში, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. დაიმახსოვრეთ, როდესაც შპს-ს არეგისტრირებთ, სწორად გამოხატეთ თქვენი ნება წესდებაში.

10 გვერდიანი წესდების მხოლოდ ერთმა პუნქტმა შეიძლება მაჟორიტარი პარტნიორი მინორიტართან მიმართებით უუფლებო მდგომარეობაში ამყოფოს.

წესდება ერთ-ერთი ყველაზე რთულად ხელშესავალი დოკუმენტია, სასამართლოს ვერ მოვთხოვთ შეიჭრეს პარტნიორების კომპეტენციაში და საკუთრივ მოაწესრიგოს პარტნიორთა შორის ურთიერთობა.

პკო-ები ყოველთვის შეადგინეთ ეფექტურად;  ჯეროვნად განსაზღვრეთ და დაიცავით პარტნიორთა მოწვევის წესები.

ყოველთვის გამიჯნეთ თქვენი პირადი აქტივები კომპანიის აქტივებისგან

შპს-ს ქონებას, მათ შორის ანგარიშებს, ნუ გამოიყენებთ საკუთარი მიზნებისთვის, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური და იურიდიული პრობლემების წინაშე დაგაყენოთ;

არასოდეს დაზოგოთ თანხა იურიდული მომსახურებისთვის და საბუღალტრო მომსახურებაში აიყვანეთ კვალიფიციური იურისტი / შეიძინეთ აუთსორს პაკეტები

ნათესავის სამსახურში დასაქმება კარგია, მაგრამ უკეთესია თუ დასაქმებამდე ამ ნათესავს შესაბამისად გადავამზადებთ.

ერთმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ, თანამშრომლის უკანონო გათავისუფლებამ, მიღება-ჩაბარების აქტის არასწორად შედგენამაც კი შეიძლება კომპანია ვალაუვალობის მდგომარეობამდეც მიიყვანოს. კარგი იურისტი და ადვოკატი მისთვის წლიურად გადახდილ ჯამურ თანხას ერთ ოპერაციაში გვაზოგვინებს.