ადვოკატის რჩევები

ადვოკატის რჩევა ავტო-საგზაო შემთხვევისას

ადვოკატი დავით მეტრეველი: როგორ მოვიქცეთ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს

2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, წელს საქართველოში 35 000 მდე ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა. ხოლო შემთხვევათა 96%+ ფინანსური ზარალის გამომწვევია. განსაკუთრებით  ყურადსაღებია ადვოკატის რჩევა ავტო-საგზაო შემთხვევისას.

ვინც თვალს გვადევნებს, იცის, რომ თითოეული სტატიის წერისას პრობლემის აქტუალობიდან ამოვდივართ ხოლმე, დღესაც ანალოგიური საწყისით ვიხელმძღვანელებთ.

სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულზეა, რაც ლოგიკურია მოუწესრიგებელი სატრანსპორტო პოლიტიკისა და ბოლო წლებში ავტომობილების რაოდენობის გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის ფონზე.

სწორედ ადვოკატი არის ის პიროვნება, ვის ხელშიც საბოლოო ჯამში ხვდება ქეისი დამუშავების მიზნით.

თუმცაღა, ძირითად შემთხვევებში, ვიდრე ადვოკატთან შესაბამის კომუნიკაციას მოახდენთ და მიიღებთ კონსულტაციას, თადარიგის დაჭერის მიზნით, აუცილებელია ვერკვეოდეთ პრაქტიკულ საკითხებში, რადგან ადვოკატის ჩართვამდე, თქვენ გაქვთ იმწუთიერი მომენტები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი ზიანი დაუკომპენსირებელი დარჩეს.

შეიძლება მკითხველთა ნაწილი არც დაინტერესდეს შესაბამისი რჩევებით, რადგან დაზღვევის სრული პაკეტით სარგებლობდეს, მაგრამ ჩვენ ასეთ მკითხველებსაც ვურჩევდით კითხვის გაგრძელებას.

მოკლედ, მაგრამ გასაგები ენით გავივლით შემდეგ საკითხებს:

  • სამართალდარღვევის ოქმი;
  • დაზღვევა;
  • ზიანის შეფასება;
  • აღსრულება შსს-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;
  • სასამართლო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;
  • პრაქტიკული საკითხები და ადვოკატის რჩევები;

სამართალდარღვევის ოქმი

დავიწყოთ პირველი საკითხით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თან ახლავს საჯარიმო სანქცია.

სამართალდარღვევის ოქმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ადგენს, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც განაპირობა ავტოსაგზაო შემთხვევა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამართალდარღვევის ოქმში დგინდება ავარიის შემთხვევაში ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.

ის პირი, ვისაც აჯარიმებს პოლიცია, ითვლება სამართალდამრღვევად და სწორედ ამ პირს წარმოეშობა ჯარიმის გადახდასთან ერთად, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ავარიამდელ მდგომარეობაში მოყვანის პასუხისმგებლობა;

დაზღვევა

დღეს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში გაზრდილია ავტომობილის დაზღვევის კულტურა.

სხვა საკითხია ის, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სადაზღვევო კომპანია, მაგრამ ვიმსჯელოთ იმ დაშვებით, რომ ავტომობილს ვაზღვევთ საუკეთესო სადაზღვევო დაწესებულებაში.

დაზღვევის პაკეტი მრავალნაირი არსებობს:

  • ავტო დაზღვევა– ფარავს შენი ავტომობილისათვის მიყენებულ ზიანს, იქნება ეს ავტოსაგზაო შემთხვევის, თუ სხვა- მაგალითად გზაზე ზღარბის გადარბენის გამო მანქანისთვის მიყენებული ზიანი; დაზღვევის პირობებს გაეცანით დეტალურად, არ ენდოთ შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაციის გაყიდვების თანამშრომლის მიერ ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციით მოწოდებულ ინფორმაციას, რადგან, ხშირ შემთხვევაში ისინიც კი არ არიან ინფორმირებულები პროდუქტზე, რასაც ყიდიან. დააკვირდით შემთხვევებს, რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზიანი;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა- სხვანაირად მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ესაა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაცვის საშუალება. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს იმ პირის ზიანს, ვინც დაზიანდა სადაზღვევო პაკეტის შემძენის მიერ.
  • ასევე არსებობს მძღოლისა და მგზავრობის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები;

თუმცაღა, გაითვალისწინეთ, რომ სადაზღვევო ორგანიზაციებს აქვთ თავისი სამუშაო ალგორითმი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ვიდრე შესაბამის პაკეტს შეიძენთ.

მრავლად გვქონია შემთხვევები, როდესაც აშკარა სადაზღვევო შემთხვევის დროს კომპანიას არაკეთილსინდისიერად უცდია თავი აერიდებინა გადახდისთვის;

როდესაც გამოცდილებას შეიძენთ ამ საკითხში, ზუსტად შემთხვევისთანავე 90 პროცენტიანი სიზუსტით შეგეძლებათ შეიქმნათ მოლოდინი, ამ ხარჯს აანაზღაურებს თუ არა დაზღვევა.

ზოგადად, საქართველოში, პატარა და მონოპოლიური ბაზრის არსებობის პირობებში, რთულია მოიძიო ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც განუხრელად კეთილსინდისიერად მოქმედებს.

ზიანის შეფასება

არაკეთილსინდისიერება ვახსენეთ და არტიკლის სტრუქტურამაც შეფასების საკითხთან მიგვიყვანა.

ალბათ ხშირად გსმენიათ: „მანქანა დამიზიანდა, სადაზღვევომ 700 ლარი ჩამირიცხა და მე მანქანა 150 ლარში გავაკეთე“… და მსგავსნი.

მოკლედ, რაშია საქმე, ეს არის სადაზღვევო კომპანიის მარკეტინგული კამპანიის ნაწილი, რომელიც საკმაოდ სოლიდურ როლს თამაშობს.

ჩემი, როგორც გამოცდილი იურისტის შეხედულებით, ბაზარზე „კარგად ოპერირებადი“ სადაზღვევო კომპანია, სულ მოგებულია.

როდესაც საკითხი ეხება შეფასება/ ანაზღაურების ნაწილს, სადაზღვევო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ალგორითმით;

განვიხილოთ რამდენიმე ქეისი:

  • თუ ზიანი შედარებით მცირეა, ხოლო ვერ იდენტიფიცირდება ზიანის მიმყენებელი, ანუ არ არსებობს პირი, ვისაც სუბროგაციული მოთხოვნით მიმართავს სადაზღვევო ორგანიზაცია, დაზღვევა ითვლის თქვენს ზიანს გაზრდილი ტარიფებით და გირიცხავთ გაზრდილ თანხას, ხოლო რეალურად, თქვენ მანქანას შედარებით დაბალხარისხიანი ნაწილებით აკეთებთ, შედარებით იაფად. ამ შემთხვევაში, პირველი, თქვენ პოპულარიზაციას უკეთებთ ამ სადაზღვევო კომპანიას, როდესაც მეგობრებში დაიქადნებთ რომ აი ასეთი შემთხვევა გქონდათ, ხოლო სადაზღვევო ორგანიზაცია ფინანსურ ზარალს დაიკმაყოფილებს მომავალში თქვენგანვე, კერძოდ მიმდინარე სადაზღვევო წლის გასვლის შემდგომ კომპანია დაითვლის თქვენზე გაწეულ ხარჯებს, მიიჩნევს რომ ხართ მაღალი რისკის მატარებელი მომხმარებელი და შემდგომი საანგარიშო წლისთვის ზუსტად იგივე სადაზღვევო პაკეტს მოგყიდით სტანდარტულზე მეტ ფასად;
  • განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც თქვენი ავტომობილი დააზიანა მესამე პირმა, ამ შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია თქვენ შეგიფასებთ ზიანს, გადაგიხდით ქართული ბაზრისთვის შეუფერებელი (ნამეტი) ტარიფით, ხოლო თქვენთვის გადახდილ თანხაზე სუბროგაციის წესით მოთხოვნას წაუყენებს იმ პირს, ვინც თქვენს ავტომობილს მიაყენა ზიანი. დამეთანხმებით, სადაზღვევო ორგანიზაცია ამ შემთხვევაშიც არაფერს კარგავს, პირიქით, იძენს კიდევ ერთ კმაყოფილ კლიენტს და დესპანს საზოგადოებაში;
  • მესამე შემთხვევა, განვიხილოთ ისეთი, როცა არის დიდი ალბათობა იმისა, რომ დაზღვევა ზიანს არ აგინაზღაურებთ. ეს უკვე ეხება დიდი ოდენობით ზიანს, რომელიც თქვენს ავტომობილს დაუდგა მაგალითად ზღარბის გადარბენის შემთხვევისას, როცა ვერავის ვერ მოსთხოვს დაზღვევა ზიანის ანაზღაურებას;

პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, აქ სწორედ ზიანის ოდენობა თამაშობს გადამწყვეტ როლს, კერძოდ, სადაზღვევო ორგანიზაცია აფასებს ბალანსს/ დისბალანსს ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს შორის;

ამ დროს, სტანდარტულად იწყება პროცესის გაჭიანურება, შემდგომ რაიმე მიზეზის თითიდან გამოწოვა და ანაზღაურებაზე უარის თქმა;

იმისათვის, რომ დაუზღვეველი მხარე არ შეეწიროს სადაზღვევო კომპანიის მარკეტინგული კამპანიის მიზნებს და არ მოუწიოს ჩვენს მიერ უკვე ნახსენები „ქართული ბაზრისათვის შეუფერებელი“ ტარიფით ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია ჩაატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ზიანის დათვლის მიზნით, კერძოდ, მიმართოთ სამხარაული ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

ექსპერტიზით უნდა განისაზღვროს: ავტოსაგზაო შემთხვევამდე არსებულ მდგომარეობაში ავტომობილის ფასი და ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ავტომობილის ღირებულება; სწორედ სხვაობა წარმოადგენს ზიანს;

დათვლის ეს მეთოდი, სამართლიანია ორივე მხარისთვის;

აღსრულება შსს-ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე

მას შემდეგ, რაც სამართალდარღვევის ოქმი და ზიანის შეფასება იქნება სახეზე,  კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რათა თავი ავარიდოთ ვადებში გაწელილ და ხარჯიან სასამართლო პროცესს. აღსრულების ფურცელი შეგვიძლია ავიღოთ პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოქმის საფუძველზე.

ზიანის ანაზღაურება სასამართლო გზით

იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგაზაო შემთხვევა გასცდება ადმინისტრაციულ ფარგლებს და საკითხი მიეკუთვნება სისხლისსამართლებრივ კატეგორიას, უკვე საკითხი შედარებით რთულდება, ვადებიც განუსაზღვრელად დიდია;

სასამართლოში სარჩელის შეტანა შეგიძლიათ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეტად ხარჯიანი პროცესია, მოგიწევთ იურიდიული მომსახურების ხარჯის, ასევე ბაჟის გადახდა, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი და შეფასება იქნება თქვენი ძირითადი მტკიცებულებები,

არსებითია მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მოპასუხის აქტივზე შეზღუდვის გავრცელების გზით, რაც ასევე დაგეხმარებათ მოლაპარაკებების წარმოებაში;

ადვოკატი გირჩევთ

რაც შეეხება პრაქტიკულ რჩევებს, ყოველთვის საინტერესოა ადვოკატის რჩევა ავტო-საგზაო შემთხვევისას.

ადვოკატი გირჩევთ:

თუ მოხდება ავტო-საგზაო შემთხვევა, გამოჰკითხეთ მხარეები, აქვთ თუ არა ავტო და პასუხისმგებლობის დაზღვევა, თუ აღმოჩნდება, რომ ერთი მხარე სარგებლობს დაზღვევით, ხოლო მეორე არა და ამავდროულად ვჯდებით დაზღვევის ალგორითმში, კერძოდ, გაქვთ კარგი სატარიფო პაკეტი და ზიანი მინიმალურია (1500-2000 ლარის ფარგლებში) შეთანხმდით, რომ ჯარიმა გამოუწერონ მხარეს, რომელსაც დაზღვევა აქვს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის რეალურმა ინიციატორმა პირმა გადაიხადოს ჯარიმა; ამ დროს დაზღვევა ორივე მხარეს აუნაზღაურებს ზიანს, ისე რომ სუბროგაციული მოთხოვნა არ წარმოეშობა.

თუმცაღა, იცოდეთ, რომ ამ ფაქტმა მომავალში შესაძლოა თქვენი სატარიფო პაკეტის ფასის გაზრდა გამოიწვიოს;

ასევე, მეორე პრაქტიკული რჩევაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას აღბეჭდოთ და დააფიქსიროთ ავტომობილის იმწუთიერი მდგომარეობა, ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ადგილიდან გადაყვანისას ზიანდება.

ვფიქრობთ,  საჭირო და საინტერესო პოსტი გამოგვივიდა.

სხვა სტატიებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენსა და იურიდიული კომპანია HOJ-ის ბლოგებს.

გისურვებთ წარმატებას.